გიორგი ალავერდაშვილი, საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიური კონფერენცია

2022 წლის 4-6 ივლისს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა. იგი პირველია პანდემიის შემდეგ, რომელიც ადგილზე, უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა. თუმცა, პროგრამით გათვალისწინებული იყო დისტანციური მონაწილეობის შესაძლებლობაც. ღონისძიებაზე ჯამში წარმოდგენილი იყო 800-ზე მეტი სპიკერი და 200-ზე მეტი პანელი, რომლებიც ეხებოდა საჯარო სამართლის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ჯანმრთელობის სამართალი და პანდემია, პოპულიზმი, სასამართლოების გაძლიერება არადემოკრატიულ რეჟიმებში, ომი და კონსტიტუციონალიზმი, გარემოს დაცვა, საგანგებო მდგომარეობა პანდემიისას და სხვა. გარდა პანელური დისკუსიისა, გაიმართა ასევე წიგნების პრეზენტაციები. საქართველოს დელეგაციის წევრები დავესწარით ზემოთ დასახელებულ პანელებს და აგრეთვე პროფესორ ტომ გინსბურგის უახლესი წიგნის პრეზენტაციას, რომელსაც ეწოდება „Democracies and International Law“. შევხვდით წიგნის ავტორს და იგი მოვიწვიეთ საქართველოში.

გარდა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვისა, ქართველი მომხსენებლები თავად წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. ჩვენ ვმონაწილეობდით 2 პანელში. პროფესორებმა დიმიტრი გეგენავამ და გიორგი გორაძემ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში თემაზე „რა ქმნის კარგ კონსტიტუციას?“. პროფესორ დიმიტრი გეგენავას გამოსვლა შეეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ. პროფესორ გიორგი გორაძის მოხსენებამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის კონსტიტუციურ რეგულირებაზე საქართველოში. პროფესორებს მალხაზ ნაკაშიძეს, თამარ გურჩიანს, გიორგი მელაძეს და დოქტორანტებს მაია მხატვრიშვილსა და მე, გიორგი ალავერდაშვილს, საერთო პანელი გვქონდა თემაზე: “რუსეთის შემოჭრის პირისპირ: სამართლებრივი პასუხი”. იგი ეხებოდა რუსულ აგრესიასთან ბრძოლას. პროფესორი მალხაზ ნაკაშიძის მოხსენება შეეხო კონსტიტუციებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პროფესორმა თამარ გურჩიანმა ისაუბრა საქართველოსა და რუსეთის საერთაშორისო დავებზე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. პროფესორმა გიორგი მელაძემ ისაუბრა იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც პარლამენტმა შეიმუშავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რათა ეპასუხა რუსეთის აგრესიისთვის. დოქტორანტმა მაია მხატვრიშვილმა ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში. და ბოლოს, ჩემი მოხსენება შეეხო კონსტიტუციების როლს ომის პირობებში.

საქართველოს დელეგაციის წევრები შევხვდით ICON∙S-ის მმართველი ორგანოების წარმომადგენლებს. განვიხილეთ ახლად დაარსებულ ICON∙S საქართველოს ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები. ICON∙S-ის ხელმძღვანელობისგან გამოითქვა სურვილი მომავალში საქართველოშიც ჩატარდეს ყოველწლიური კონფერენცია. ICON∙S საქართველოს დაფუძნება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო. დამფუძნებელი წევრები მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ ICON∙S-ის ცენტრალურ ორგანიზაციასთან, მათგან იღებდნენ რჩევებსა და შენიშვნებს. საბოლოოდ, თითქმის ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, დაფუძნდა ICON∙S საქართველო და მისი წევრები ორგანიზაციის სახელით წელს პირველად წარვსდექით სართაშორისო კონფერენციაზე. მის ფარგლებში კიდევ ერთხელ შევხვდით ICON∙S-ის წარმომადგენლებს და მათთან კონსულტაციები გავიარეთ საქართველოს ორგანიზაციის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე.

ICON∙S-ის ყოველწლიური კონფერენცია წარმოადგენს მსოფლიოს ყველა წერტილიდან წამყვანი მკვლევარებისა და პროფესორების შეკრების ადგილს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ნაშრომები, მიიღონ დარგში აღიარებული პროფესორებისგან რჩევები, შეხვდნენ ძველ მეგობრებს და გაიჩინონ ახალი კონტაქტები. კონფერენცია განსაკუთრებით საინტერესოა დამწყები მკვლევარებისა და დოქტორანტებისათვის. მათ შესაძლებლობა ეძლევათ პირისპირ გაიცნონ ავტორები, რომელთა ნაშრომებსაც ელექტრონული თუ სხვა ფორმით ეცნობიან. დოქტორანტებს შეუძლიათ საკუთარი თემა გააცნონ კონკრეტულ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ მკვლევარებს და მათგან მიიღონ მნიშვნელოვანი კომენტარები. ეს მათ დაეხმარება სწორი მიმართულება მისცენ საკუთარ დისერტაციებს. გარდა ამისა, განსაკუთრებით აღსანიშნავია უცხოელი კოლეგების, დოქტორანტების გაცნობა და მათი თემების შესახებ ინფორმაციის მიღება. ზოგ შემთხვევაში მკვლევარების საერთო ინტერესი შემდგომში შესაძლოა ერთობლივი სტატიის თუ წიგნის დაწერაში გადაიზარდოს. ამიტომ, დამწყებ მკვლევარებისთვის სამომავლოდ სამართლის შესაბამის სფეროში დასამკვიდრებლად უმნიშვნელოვანესია ICON∙S-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა. საქართველოს წარმომადგენლების მუშაობის შედეგად გაიზარდა ცოდნა ქართულ სახელმწიფოზე, სამართლებრივ გამოწვევებზე და არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ არაერთი პირადი კონტაქტი დავამყარეთ სხვადასხვა პროფესორებთან, რომლებიც მოვიწვიეთ საქართველოში აკადემიურ ღონისძიებებზე.

ICON∙S-ის შემდეგი კონფერენცია ჩატარდება უელინგტონში, ახალ ზელანდიაში. ICON∙S საქართველო მასში კვლავ მიიღებს მონაწილეობას ადგილზე ან დისტანციური ჩართვის საშუალებით, რაც უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერების კარგი შესაძლებლობა იქნება.

გიორგი ალავერდაშვილი,

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

თბილისი, 2022 წლის 13 ივლისი

Print Friendly, PDF & Email