მაია კოპალეიშვილი, სავალდებულოა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა პრეზიდენტისთვისთვის სამომავლოდ?

სავალდებულოა თუ არა იმპიჩმენტის საკითხზე მიღებული

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის გათვალისწინება საქართველოს პრეზიდენტისთვის სამომავლოდ საგარეო ურთიერთობებისას?

 

მაია კოპალეიშვილი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების –
ICON•S საქართველოს თანათავმჯდომარე

იმპიჩმენტზე მიღებულმა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნამ (N3/1/1797. 16.10.2023წ.), შესაძლოა თუ არა ზემოქმედება მოახდინოს პრეზიდენტის სამომავლო ქცევაზე, ანუ სავალდებულოა თუ არა მისი გათვალისწინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამომავლოდ საგარეო ურთიერთობებისას, – ამ საკითხზე, შეძლებისდაგვარად მოკლედ შემოგთავაზებთ ჩემს მოსაზრებებს (შენიშვნა: ეს მსჯელობა მიემართება მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების საკითხს და არა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის დადასტურებას):

კერძოდ, ვალდებულია თუ არა პრეზიდენტი შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს ის დასკვნა, რომელმაც ევროინტეგრაციის საკითხზე პრეზიდენტის სამ ევროპულ ვიზიტთან მიმართებით კონსტიტუციის დარღვევა კი დაადასტურა, თუმცა პარლამენტში კენჭისყრისას (18.10.2023წ.) პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შესახებ ის დასკვნა, რომელსაც პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრისას მხარს არ დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არა ნაკლებ ორი მესამედი.

როგორც წესი, გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა, მისი შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. იმპიჩმენტის პროცედურაზე მიღებული სასამართლოს დასკვნა არ არის გადაწყვეტილება, ის არის საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი აქტი და იმის მიხედვით, თუ რა შედეგი მოყვება პარლამენტში კენჭისყრისას, შესაძლოა იყოს შესასრულებლად სავალდებულო ან საკონსულტაციო ხასიათის.

კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შესახებ სასამართლოს დასკვნა შესასრულებლად სავალდებულო ხასიათს იძენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კენჭისყრისას მხარს დაუჭერს თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღევა დაადასტურა, პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრისას დასკვნას მხარი არ დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორმა მესამედმა. კონსტიტუციის 48-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნულს შედეგად მოყვება ის, რომ შესაბამისი თანამდებობის პირი (საქართველოს პრეზიდენტი) არ არის თანამდებობიდან გადაყენებული და ჩვეულებრივ, კონსტიტუციით გათვალისწინებულ სამართლებრივ-ინსტიტუციურ წესრიგში აგრძელებს თავის თანამდებობრივ უფლებამოსილებას.

შესაბამისად, იმ მომენტიდან, როცა პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს N3/1/1797. 16.10.2023წ. დასკვნამ მიიღო საკონსულტაციო ხასიათი, ის არის საკონსულტაციო დასკვნა, მას არა აქვს შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა (N3/1/1797. 16.10.2023წ.) რომ საკონსულტაციოა და არა აქვს შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი, ამაზე თვით საკონსტიტუციო სასამართლოც მიუთითებს. მაგალითისთვის შეგვიძლია ვიხილოთ დასკვნის 78-ე პუნქტი, სადაც სასამართლო აღნიშნავს, რომ იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ ავალდებულებს პარლამენტის წევრებს იმპიჩმენტურ ვერდიქტს დაუჭირონ მხარი. პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტისას მათ უნდა იმოქმედონ იმპიჩმენტის იდეისათვის შესატყვისი პოლიტიკური კრიტერიუმებით და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დასკვნაში გაცდეს თავის უფლებამოსილებას და საგარეო ურთიერთობის იმ საკითხზე/ქმედებაზეც იმსჯელოს, რომელიც იმპიჩმენტის აღძვრის საფუძველი არ გამხდარა. ის უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ იმ შემდგარ ქმედებათა კონსტიტუციურობის შესახებ, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების თანახმად იმპიჩმენტის პროცესის აღძვრის საფუძველი გახდა. შესაბამისად, მისი საკონსულტაციო ხასიათის გათვალისწინებით, დასახელებული დასკვნა ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტის დასჯის მექანიზმი სამომავლო ვიზიტების მიმართ. მითითებული დასკვნა ვერ შექმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, ვერ მოემსახურება თანამდებობის პირის დასჯას.


შენიშვნა: ჩვენ ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ბლოგების გამოსაქვეყნებლად. თუ გსურთ სტატიის გამოქვეყნება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ MS Word ფორმატის დოკუმენტის სახით ელ. ფოსტაზე iconsgeo@gmail.com ელ. წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ “ბლოგი გამოსაქვეყნებლად”

Print Friendly, PDF & Email