ზურაბ ჯიბღაშვილი[1]
მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის „დაზიანებულ“ ინსტიტუტს „ღირსება დაუბრუნა“[2]. პრეზიდენტის ინსტიტუციური და სუბიექტური ღირსების სურვილთან, თანაზიარი ვარ. მინდა, მოქალაქეთა მიერ ჩაფიქრებულ პრეზდენტის ინსტიტუციურ ავტორიტეტს სუბიექტურადაც ამართლებდეს საქართველოს ყოველი პრეზიდენტი, თითოეული ადამიანისა და პოლიტიკური ჯგუფისათვის, მოწიწების ავტორიტეტი იყოს და მისი ყოველი საჯარო გამოსვლა რაღაც ღირებულებითის მოსმენის სასაიამოვნოდ დაძაბულ მოლოდინს აღძრავდეს. ყველა პრეზიდენტს ჰქონდა საეტაპო ხვედრი. მათი შეფასება სხვა ფორმატებში მოხდება. დღეს ჩემი ამოცანა იმის გაზიარებაა, ღირებულებითად პოლარიზებულ საზოგადოებაში თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოების ინტეგრაციის მიზნით.
პრეზიდენტის ფორმალურ სტატუსს არ შევაფასებ. უფრო მისი უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობის (თავისი შედეგებითურთ) გაანალიზება მსურს სოციალური ეფექტიანობის თვალსაზრისით, რომ გამართლებული იყოს სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტის არსებობა.
პრეზიდენტის პოლიტიკური კვალი სათავეს მისი ლეგიტიმაციიდან იღებს. პრეზიდენტის ასარჩევისათვის საჭირო კვოტის ნაადრევი (მეორე ტურიდან) დაწევა საპარლამენტო უმრავლესობას ათავისუფლებს სხვა პარტიებთან კომპრომისის ვალდებულებისაგან. ეს სიმარტივე და შესაბამისად პასუხისმგებლობის არქონა დიდი ერთპარტიული ძალაუფლების (ვერტიკალური ჩაშლითაც) კვალობაზე, უმრავლესობას აძლევს გადაწყვეტილების კომპრომისის გარეშე მიღების შესაძლებლობას. პრეზიდენტის პოსტის დაუფლების ეს შანსი ობიექტურად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ – 2024 წლის 14 დეკემბერს 224 ხმით პირველივე ტურში (სხვა პარტიების პარლამენტში არმონაწილეობის ფონზე) ერთპარტიული სრული ჰარმონიით აირჩია მიხეილ ყაველაშვილი.
დავიწყეთ ასე: ერთი პარტიის რჩეული პრეზიდენტი, ვალდებულებითად მხოლოდ მის ამრჩევ პარტიას დაკავშირდა და არ არის პასუხისმგებლობანაზიარები საზოგადოების სხვა ჯგუფებთან.
მმართველ პარტიასთან ამგვარმა მჭიდრო კავშირმა რასაკვირველია თავი საკადრო გადაწყვეტილებებშიც იჩინა. პოლიტიკური თანამდებობის პირის (განათლების მინისტრის მოადგილის) დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, ობიექტურად ვერ იქნება სასამართლოში პოლიტიკის შეღწევადობისაგან დაცვა. „უხელისუფლებო“ პრეზიდენტი არა ვიწროპარტიული პოლიტიკური ნების მატარებელი, არამედ მაინც ნეიტრალური არბიტრია (pouvoir neutre“[3]) და პოლიტიკური ინტერესების ბალანსირების მიზნით მისი თვითშეზღუდვა, უნდა აისახოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების სამთავრობო მოტივაციისგან თავისუფალ ფორმირებაშიც.
წინამორბედი პრეზიდენტის მიერ იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის აქტი ბათილად რომ ეცნო სასამართლოს და შემდეგ დაენიშნა სხვა პირი, ეს კონკრეტულ შეაფსებაზე დამყარებული პოზიციის ცვლილება იქნებოდა, რაც ახსნადია. თუმცა, პრეზიდენტმა სარჩელი სცნო სრულად (მანუჩარ კაკოჩაშვილის მიერ, საკუთარი თავის დანიშვნის მოთხოვნის ჩათვლით) და დაეთანხმა იმ პირის დანიშვნას, რომლის კანდიდატურაც არ განუხილავს.
პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ვერ გამოდგება მისი დამოუკიდებლობის ინდიკატორად. მის მიერ დასანიშნი ერთი პირის საკითხის ექსკლუზიურ გამოყენებას კი შესაძლოა გარკვეული გავლენა ექონია მთავრობისგან სასამართლოს პოლიტიკურ დისტანცირებაზე.
პარლამენტის მიერ პოლიტიკის განსაზღვრაზე ზეგავლენა პრეზიდენტის ექსკლუზივია. თანდაყოლილი ინსტიტუციური ავტორიტეტიდან მომდინარე პოლიტიკური ხმის ძალით, მას ყოველთვის შეუძლია მცდარად მიჩნეულ პოლიტიკაზე შემაკავებელი ზემოქმედება. მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს ფიცის დადებიდან რამოდენიმე საათში, ხელი მოაწერა უფლებებში ინტენსიურ ჩარევაზე ორიენტირებულ 28 კანონს.[4] ცხადია, დროის ეს მცირე მონაკვეთი ობიექტურად არასაკმარისია ამ მასშტაბის საკანონმდებლოპაკეტის სიღრმისეული ანალიზისათვის. ეს იყო მთავრობასთან პრეზიდენტის პოლიტიკური ჰომოგენურობის პირველი განაცხადი. ეს ტენდენცია გრძელდება: მიღების დღესვე – 4 მარტს მოეწერა ხელი მკაცრ ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სახელმწიფო „ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისაკენ“[5] მიმართული ქმედების კრიმინალიზაციას გულსიხმობს.
კანონის ხელმოწერა ინსტიტუციური დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თავისუფალი ნების გამოვლენაა. მთავრობის ნებასთან თვალშისაცემად მაღალი ხარისხის ჰარმონიზაცია არყევს პრეზიდენტის მიერ თავის უფლებამოსილებათა დამოუკიდებლად შესრულების პრინციპს _ საკუთარი ფუნქციების შესრულების უფრო მღალ სტანდარტს მოითოვს სახელმწიფოს თავის უმაღლესი სტატუსი. ვშიშობ, უფლებებში ჩამრევი კანონების ასეთი სწრაფი გამოქვეყნება ოპერატიულობა კი არა, ხალხის სუვერენული ნებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაკეთებული განაცხადის წინააღმდეგობის ზღვარზე პოზიციონირებაა.
შედეგად, საკანონმდებლო ვექტორი მიიმართა გამოხატვის, შეკრებისა და აკადემიური თავისუფლებების ვიწროპოლიტიკური ნებით დავიწროვებისკენ. ეს პორცესი აჩენს კითვას თუ რამდენად თავსებადია ეს პოლიტიკა ქართველი ხალხის კონსტიტუციურად აღიარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამოცანასთან. ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეთაგან არავის აქვს გარანტია, რომ სამომავლოდ თავად არ დასჭირდება ამ უფლებებით სარგებლობა. ტავტოლოგიაა, იმის მტკიცება, რომ ამ უფლებებისათვის ბრძოლის შედეგი ყველაზე თანაბრად უნდა განაწილდეს, რადგან ევროპული ღირებულებებით ცხოვრება ერის საერთო ნებისყოფაა და ის ვერ დანაწევრდება.
საზოგადოების ინტეგრაციისათვის, პრეზიდენტმა საკანონმდებლო პოლიტიკის შეფასებისა და მასზე ზემოქმედების საშუალებებით უნდა მიაღწიოს საზოგადოების განსხვავებული ნაწილების მაქსიმალურ ჰარმონიზაციას. ამიტომ, სახელმწიფოს თავის ფუნქციების მეტი ეფექტიანობით შეასრულება მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა. არც ერთი კანონი არ უნდა იყოს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის სეპარაციული ნება, რადგან ეს საზოგადოებას ღირებულებითად ხლეჩს. კანონზე პრეზიდენტის შემხვედრი ნება პოლიტიკური კონსენსუსის გამოხატულება უნდა იყოს, რომ კანონინამდვილად იქცეს ხალხის კომპრომისულ ნებად. მხოლოდ ასეთი პლურალიზმით მიიღწევა საზოგადოების დემოკრატიული კონსოლიდაცია.
საქართველოს პრეზიდენტთაგან პირველმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 18 ივლისს გამოიყენა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი აბსტრაქტული საკონსტიტუციო სარჩელით (#1828[6]) მიმართვის უფლებამოსილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთი დებულების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მოგვიანებით, 2025 წლის 24 მარტს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სარჩელი უკან გაიხმო.
აბსტრაქტული სარჩელიც ცუდი პოლიტიკის შეკავების ქმედითი საშუალებაა. პრეზიდენტის უარი წინამორბედის პოლიტიკურად მგრძნობიარე სამართლებრივ დავაზე, პოლიტიკური აქტია. ამ უფლებამოსილების ფორმალური მხარე უდავოა! მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქ შეფასების ქვემდებარე მისი მატერიალური არსია. სარჩელის უკან გახმობა, არსებითად, პოლიტიკის სამართლიანობის შეფასებისა და პოლიტიკურ შეჯიბრობითობაზე უარს ნიშნავდა. აქაც პრეზიდენტის მთავრობასთან თანაზიარობამ იჩინა თავი, რაც თავადაც განაცხადა: კანონი „ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და…“[7].
პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ინსტიტუციურ მემკვიდრეობითობაში ღირებულებით წყვეტად მიმაჩნია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არსებულ საზოგადოებრივ ფასეულობრივ კონფლიქტს გამოხატავდა. შესაბამისად, საზოგადოების ინტეგრაციის მიზნით, მის განხილვას მაღალი ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა. ამ სარჩელის წინამორბედი პრეზიდენტის მიერ შეტანის ფაქტი, მისი გამოხმობისას, განსაკუთრებულ პოლიტიკურ სისათუთეს მოითხოვდა – უფლებებში ინტენსიური ჩარევის გამო, ინდიკატორი ხალხის წინაშე პრეზიდენტის უნივერსალური პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო.
შესაძლოა არსებობდეს მოსაზრება, რომ საპარლამენტო მოდელში კანონების სწრაფი ხელმოწერა და ვეტოს იშვიათად გამოყენება გამოხატავს მისი ყოველდღიური პოლიტიკისგან დისტანცირებით, პარლამენტის საკანომდებლო უზენაესობის და პოლიტიკური პროცესის დემოკრატიული ლეგიტიმაციისპატივისცემას. თუმცა, პრეზიდენტის ვეტო პოლიტიკის ერთდროულად სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის შემოწმებისა და მასზე ზემოქმედების ეფექტიანი ექსკლუზიური ინსტრუმენტია. საპარლამენტო მმართველობებისათვის ორგანული „სუსტი“ ვეტო და პრეზიდენტის პასიურობამრავალპარტიულობით ძლიერი ან/და ორპალატიანი პარლამენტით ბალანსდება. ერთპარტიულად მონოლითური უმრავლესობის პირობებში კი პოლიტიკის სამართლიანობა-მიზანშეწონილობისგადამოწმებისათვის, პრეზიდენტის ვეტო კრიტიკულად უპირატესია. მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება უფლებებში ინტენსიურ ჩარევას. ვეტოს პრაქტიკული უარყოფა კი აჩენს კითხვას პრეზიდენტის მიერ შეკავების ეფექტიანი ფუნქციის გამოყენების ნების ქონაზე.
პრეზიდენტმა პოლიტიკურად ნეიტრალური საკადრო საკითების გადაწყვეტაში მმართველი პარტიის ნებასთან სინქრონიზაციით, სამართლებრივ დავებზე უარითა და კანონების გადამოწმების ვალდებულების უარყოფით, ფაქტობრივად, ორმაგი უარი განაცხადა: ერთის მხრივ, პოლიტიკის ვარგისიანობის შეფასებასადა შეკავებაზე, მეორეს მხრივ კი _ იმ პროცესებზე ავტორიტეტულ ზეგავლენაზე, რომლებიც საზოგადოებაშიგანხეთქილების წყაროა და მკვეთრად უარყოფითად ფასდება საერთაშორისო დემოკრატიულიინსტიტუტების მიერაც. ამით გამოიკვეთა პოლიტიკაზე პრეზიდენტის საარბიტრაჟო – შემაკავებელი და მაინტეგრირებელი შესაძლებლობების გამოყენების უარის ტენდენცია. ამგვარად, მან თავისი თავი ჰპოვა პლურალიზმისა და კონსენსუსისათვის მზადყოფნის არმქონე საზოგადოების ნაწილთან.
პრეზიდენტის ამგვარი მდგომარეობა არ არის ობიექტურად ამბიციური პოლიტიკური ქმედითობის განაცხადი; უფრო ვიწრო პარტიულ ჩარჩოში თვითშეზღუდვა და თვითმყოფადობაზე უარია. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კანონებს გასააზრებლად არასაკმარის დროში, დაუყოვნებლივ აწერს ხელს. პრეზიდენობის კანდიდატობისას, სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო არა „ვეტომდებელი“[8], არამედ „იდეამდებელი“[9]. გარკვეული დროის შემდეგ კი რეალპოლიტიკამ ისიც აიძულა, ვეტო, როგორც საშუალება, პოლიტიკური ბძოლისათვის გამოეყენებინა.
პარლამენტაზრიზმის ლოგიკით, პრეზიდენტის პოლიტიკური პასიურობა და თავშეკავება, ხელისუფლებისგანშტოებებს შორის კონფლიქტის არიდებისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების, ნეიტრალიტრალური არბიტრაჟის პრინციპის დაცვაა. მეორეს მხრივ, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკის შეკავება სახელმწიფოს თავის ინსტიტუციური დამოუკიდებლობიდან მომდინარე საკუთარი უფლებამოსილებაა. შესაბამისად, როდესაც პრეზიდენტის თავშეკავება ყველა მგრძნობიარე საკითხზემთავრობის კურსთან თანხვედრაში ვლინდება, ჩნდება განცდა, რომ დუმილი ნეიტრალიტეტის დაცვისნაცვლად, მთავრობასთან პოლიტიკური შერწყმაა. განგრძობადი დუმილით მთავრობასთან პრეზიდენტის თვალშისაცემად მაღალი ხარისხით ჰარმონიზაცია არბიტრაჟზე უარია, რაც ასუსტდებს და კარგავს მისისიტყვის ავტორიტეტის ძალას. ამიტომ, ეს დუმილი ვერ იქნება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს, ადამიანის თავისუფლების რეალიზაციის საუკეთესო პარტნიორი. პრეზიდენტი ვერ იქნება სახელმწიფოს თავი ღირებულებითად პოლარიზებულ და დეზინტეგრირებულ საზოგადოებაში. ფასეულობათა გარშემო არაინტეგრირებული სოციუმი კი ვერ შექმნის ერთიან სახელმწიფოს. ამასთან, პრეზიდენტი ქვეყნის ერთიანობის გარანტიცაა.
ისრაელის პირველი პრეზიდენტი ხაიმ ვაიცმანი უკმაყოფილოებით შენიშნავდა, რომ „ერთადერთი, სადაც ცხვირის ჩაყოფა შეეძლო, საკუთარი ცხვირსახოცი იყო.“[10] ამ სივრცის მობილურობა კონსტიტუციურ კალაპოტში, პოლიტიკური ხელოვნების საგანია. სურს კი საქართველოს პრეზიდენტს „ცხვირის ჩაყოფა“ რომელიმე საჯარო ინტერესში?! ეს ინტერესი მის ფუნქციებთან პროპორციულ პოლიტიკურ აქტივობაში უნდა აისახოს და ამითი ასაზრდოოს პოლიტიკური კონკურენცია. პრეზიდენტის აბრაზე გამოტანილი სიტყვა „პრეზიდენტი“ ნიშნავს მის პერსონალურ ავტორიტეტს და აქედან მომდინარე გავლენის ძალაუფლებას, რაც უპირატესად სიტყვის ინსტიტუციურ ავტორიტეტშია. პრეზიდენტის ხმის უფლებამოსილება განუსხვისებელია! ის უნდა ლაპარაკობდეს პოლიტიკაზე.
სამართლიანობის განცდის გამოხატვის პოლიტიკური მექანიზმია შეწყალების უფლებამოსილება. მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზზე აღმასრულებელი ხელისუფლების ზემოქმედება ჰუმანიზმიდან ნაწარმოებია. შეწყალების ძირითადი მიზანი ხშირად „მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაშვებული შეცდომის გამოსწორებაა. შეწყალება შეიძლება განხორციელდეს სისხლის სამართლის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის, სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინების, პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების ან სხვა რაიმე კონკრეტული ფასეულობის დაცვის მიზნით.“[11] აღმასრულებელიხელისუფლების ეს გავლენა პოლარიზაციის შემცირებისა და კონსოლიდაცის მიზნით, ლეგიტიმურია. ამ მიზანს კი არ შეესაბამება სამართლებრივი შესაძლებლობების პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოყენება. ეს კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის მახასაითებელია.
გამოტანილი დასკვნები – სუსტია პრეზიდენტი?
პოლიიკურად განსხვავებული პრეზიდენტ-პარლამენტის თანაარსებობისას, შეკავების მექანიზმებზე უარი შეასუსტებს პრეზიდენტის გავლენას. ასეთი ბალანსის დროს მისი აქტიურობა ყველას დასჭირდება, თუმცა, ჩამოყალიბებული ნეგატიური პრაქტიკის შეცვლა გაძნელდება.
დინამიური და კრეატიული პოლიტიკა პოლიტიკოსის პრაგმატულ მობილურობას მოითხოვს. მისი ადგილი არ არის რეალობისგან განყენებულ მშრალ იდეალებთან. ის მოვლენათა შექმნის სათავეებთან თუ არა,რეალობის ეპიცენტრში მაინც უნდა იყოს. აქტივობების შეზღუდვა მხოლოდ ყოფილ ხელისუფლებასთანბრძოლაზე ფოკუსირებით, გვისპობს განვითარების სივრცეს და ერთ წრეზე გვატრიალებს. ყოველ მომდევნო ხელისუფალში წინამორბედთან არსებითი განსხვავება უნდა ჩანდეს. არ მიმაჩნიან ჩვენი საზოგადოებიდან წამოსული არც პოლიტიკოსები არაშემოქმედებითად და ამიტომ. ამ ფიქრებით გართულს, ოთარ ჭილაძისმარტივად შეჯამებული ანტიკური ჭეშმარიტება გამახსენდა: „არ შეეძლო ძმისთვის ეპატიებინა ის, რასაცთავად სიამოვნებით სჩადიოდა!“[12]. თუ ოპონენტს დასამარცხებლად მისსავე მეთოდებს უბრუნებ, მაშინ„ვისაც ებრძვი, იმას ემსგავსები“[13]. ეს წრე უკვე არაერთხელ შემოვიარეთ და გვაქვს მისი გარღვევის სურვილის უფლება.
საბოლოოდ, ვერ დავინახე ბალანსი პრეზიდენტის მთავრობასთან კავშირსა და კონსტიტუციის 78-ე მუხლისიმპერატიული მოთხოვნის შესრულებას შორის. მაგრამ რამდენად თავსდება ევროინტეგრაციის მიზანთან,„ასეთ ევროპასთან“[14] და უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო სამთავრობო პოლიტიკასთანპრეზიდენტის ჰარმონიზაცია? ამ კითვას რიტორიკულად არ ვსვამ. რთულია ამ პოლიტიკის თავსებადობისდანახვა კონსტიტუციურ მიზანთან. მიხეილ ყაველაშვილმა ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე, დასვა საკითხი: „თითქოს … მე რომ ვაკრიტიკებ … ეს ნიშნავს, რომ მე უარს ვიძახი … ევროკავშირზე, ევროპულღირებულებებზე“.[15] შედეგად, ეს „უწყინარი“ კრიტიკა მოკლე დროში პირდაპირ გარდაისახა პოზიციაში: „მე არ მინდა ასეთი ევროკავშირი!“[16]
ერთპალატიანი პარლამენტის მიერ არჩეულმა ესტონეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებმა აღიარეს თავისი„დამოკიდებულება“[17] პარლამენტზე. ამის მიუხედავად, უნგრეთში პრეზიდენტის ინსტიტუტს ინტელექტუალთა შემოქმედებით ნებისა და სახელმწიფოს მეთაურისა და სამთავრობო კოალიციებისგამიჯვნის დამსახურებით, მაინც ჰქონდა „ოქროს ხანა“[18]. არასასურველია, ჩვენ გამიჯვნის ნაცვლად, საპირისპიროდ – შერწყმის მოწმენი გავხდეთ. მიმაჩნია, რომ საქართველოშიც, მონოლითური უმრავლესობის მიერ არჩევის მიუხედავად, პრეზიდენტის დამოუკიდებლობა მიღწევადია _ შესაძლებლობებს ქმნის ნებაც. დამოუკიდებლობის სურვილი კონსოლიდაციის რთული ფუნქციისშესრულებასაც შესაძლებელს ხდის, თორემ, გამყოფ მესერს იქით დგომა და განხეთქილებაშითანამონაწილეობა მარტივი თავშესაფარია, რომელიც ძალისხმევას არ მოითხოვს. პრეზიდენტის საჯარომისია კი საპირისპიროა. ამიტომ, მინდა განსხვავებული პოლიტიკური ძალებისთვის მეტ-ნაკლებადთანაბარი ავტორიტეტით აღქმული პრეზიდენტის ხილვა.
რეგიონში პოტენციურად მსოფლიოს შემცვლელი ცვლილებები მიმდინარეობს, რაზეც პრეზიდენტს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. შარლ დე გოლი ამბობდა: „არაფერი ისე არ ამყარებს ავტორიტეტს, როგორც დუმილი…“[19]. მინდა, ეს დუმილი მეტად პასუხისმგებლიანი პრეზიდენტის პოლიტიკურად მომნუსხველი სიტყვის მოლოდინს ნიშნავდეს. თუმცა, დუმილი ზოგჯერ შეიძლება ხმაურიან უმოქმედობად იქცეს დაგარდაისახოს მთავრობის პოლიტიკის დაუბალანსებლობაში.
და მაინც, აქვს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს შეკავებისა და ინტეგრაციის რეალური შესაძლებლობა, თუ მისი კონსტიტუციური „სისუსტე“ ამას გამორიცხავს? პრეზიდენტის ძალაუფლება სიტყვის ავტორიტეტის ძალაშია! ამიტომ, ვთვლი, რომ დიახ, აქვს თუ ის მიზანმიმართულად და მმართველი პარტიის დღისწესრიგისგან დისტანციერებით, საზოგადობის პლურალიზმისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, ქმედითად განახორციელებს თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. კერძოდ, გამოიყენებს:
– ვეტოს ინსრუმენტს;
– სასამართლო კონტროლის ინიცირების ეფექტიან შესაძლებლობას;
– შეწყალების დიდსულოვანი აქტის უფლებამოსილებას;
– საჯარო დისკუსიების პლატფორმას კანონებსა თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მკაფიოდ გამოკვეთილი საკუთარი ევროსკეპტიციზმის მიუხედავად.
პოლიტიკურად თვითმყოფადი ფიგურა ყოველთვის პროცესებში პროპორციული თანამონაწილების ამბიცის მქონეა. ამიტომ, პრეზიდენტი ამ ფუნქციის შესრულებაზე ვალდებულიც არის! უნგრეთის პირველი ფრეზიდენტი არპად გიონცი აცხადებდა: „ამბობენ, რომ პარლამენტმა სუსტი პრეზიდენტი აირჩია. (დამიჯერეთ) მე მთლად სუსტი არა ვარ.“[20] პრეზიდენტმა სწორედ „ცხვირის ჩაყოფით“ უნდა ასაზრდოოს პოლიტიკური კონკურენცია. შესაბამისად, მისი პერსონალური ღირსებისა და ავტორიტეტის დაბრუნება-შენარჩუნება საზოგადოების კონსოლიდაციის მიზანის სიცხადით, კონკრეტულად ხელშესახები შინაარსის უნდა იყოს.
[1] ზურაბ ჯიბღაშვილი არის სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
[2] დ. მათიკაშვილი. იხ: “მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსება დაუბრუნა” – დავით მათიკაშვილი. რუსთავი 2, 04.02.2025 გადამოწმებულია: 29.04.2026
[3] კონსტანი ბ. „პოლიტიკის პრინციპები. განკუთვნილი ყველა წარმომადგენლობითი მთავრობისთვის დაგანსაკუთრებით – საფრანგეთის მოქმედი კონსტიტუციისთვის. პარიზი. მაისი, 1815. თავი II. სამეფო ხელისუფლებისბუნების შესახებ კონსტიტუციურ მონარქიაში.“ კრებულში: კონსტიტუციონალიზმი მიღწევები და გამოწვევები. სამეცნიერო რედაქტორები და გამომცემლები: უგრეხელიძე მ. და ქანთარია ბ. თბილისი 2019. 639.
[4] ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევენ, იხ: რადიო თავისუფლება, 30.12.2024. გადამოწმებულია: 25.01.2026.
[5] საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“ მიღების თარიღი: 04/03/2026.
გადამოწმებულია: 04.03.2026.
[6] საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გადამოწმებულია: 25.01.2026.
[7] მიხეილ ყაველაშვილმა უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმისგადაწყვეტილება მიიღო, Civil Georgia, 24.03.2025 გადამოწმებულია: 25.01.2026.
[8] სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტომდებელი, უნდა იყოს იდეამდებელი, ტაბულა, 16 აგვ, 2018.
გადამოწმებულია: 29.04.2026. წყაროს დასახელება, გამოქვეყნების თარიღი მივუტითოთ და შემდე ბმული
[9] იქვე.
[10] The president of Israel: More than just a ceremonial figure – comment, The Jerusalem Post, OCTOBER 29, 2023
[11] ა. კუპრავა, ზ. ჯიბღაშვილი. შეწყალების თხოვნის უფლება: უუნარობის თუ უუფლებობის სამსხვერპლოზე?! GHN, 19.09.2019.
გადამოწმებულია: 25.01.2026.
[12] ო. ჭილაძე. ცა მიწიდან იწყება. თბ. 2015. 87.
[13] ო. ჭილაძე. დას. ნაშ. 73.
[14] მიხეილ ყაველაშვილი – მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს – დიახაც, არ მინდა ასეთიევროპა, IPN, 02.03.2023
გადამოწმბულია: 25.02.2026. წყაროს დასახელება მივუთითოთ
[15] „ოცნების“ ორმაგი სტანდარტი.., Formula News, 25.02. 2023.
[16] მიხეილ ყაველაშვილი – მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს – დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა, IPN, 02.03.2023
[17] P. Köker. Veto Et Peto: Patterns of Presidential Activism in Central and Eastern Europe.
224, 226.
[18] Л. Шишелина смена президента венгрии: причины и последствия. Научно-аналитический вестник ИЕ РАН, 2024, №1. 108-109.
[გადამოწმებულია 08.01.2025]
[19] იხ: Charles de Gaulle. Le Fil de l’épée. Paris. 1932.
[20] შვარცი ჰ . კონსტიტუციური მართლმსაჯულების დამკვიდრება პოსტკომუნისტურ ევროპაში. თბ., 2003. 415.
შენიშვნა: ბლოგში გამოთქმული მოსაზრებებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ გამოხატავდეს ICON•S საქართველოს და ამ ბლოგის რედაქტორების პოზიციებს.
