თავდაცვითი დემოკრატიის ორლესული მახვილი

პარტიების აკრძალვა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საფრთხე

ანა ფირცხალაშვილი *

I. დემოკრატია თავდაცვასა და თვითდაზიანებას შორის

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხელთ არსებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტია. მისი მიზანია, არ დაუშვას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დემოკრატიის მიერ მინიჭებული თავისუფლებები, სწორედ ამ დემოკრატიული წესრიგის მოსასპობად გამოიყენონ. ვაიმარის რესპუბლიკის გამოცდილებამ წამოჭრა ფუნდამენტური კითხვა: შეუძლია თუ არა ლიბერალურ დემოკრატიას საკუთარი დაცვის მექანიზმების შექმნა და, თუ შეუძლია, სად არის ამ მექანიზმის გამოყენების ფარგლებში. სწორედ ამიტომ არის პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ორლესულიმახვილი: მას, ერთის მხრივ შეუძლია თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის დაცვა, მაგრამ მეორეს მხრივ მატერიალური წინაპირობებისა თუ პროცედურული გარანტიების შესუსტების შემთხვევაში თავადაც შეიძლება დააზიანოს პოლიტიკური კონკურენცია, პარტიების თავისუფლება სახელმწიფო გავლენისგან  და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობა.

გერმანიაში მიმდინარე დებატები „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შესაძლო აკრძალვის შესახებ,  მის ორმაგ ბუნებას ნათლად წარმოაჩენს. 2025 წლის 30 იანვარს გერმანიის ბუნდესტაგმა განიხილა დეპუტატთა ჯგუფების ორი შუამდგომლობა, რომლებიც AfD-ის საკითხის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილვას ისახავდა მიზნად; ორივე გადაეცა შინაგან საქმეთა კომიტეტს. ამ დროიდან ორი ურთიერთსაპირისპირო საფრთხე დგას დღის წესრიგში: ერთი მხრივ, დემოკრატიისთვის არსებული საფრთხის შეუფასებლობა ან დაგვიანებული რეაგირება, მეორე მხრივ პარტიის წინააღმდეგ სამართლის ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტის პოლიტიკური კონკურენციის ნაწილად ქცევა.

ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. აკმაყოფილებს თუ არა პოლიტიკური პარტია გერმანიის ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალვის მატერიალურ წინაპირობებს, მხოლოდ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს. თუმცა ამას წინ უძღვის პოლიტიკური გადაწყვეტილება: საერთოდ შეიტანონ თუ არა აკრძალვის მოთხოვნით განაცხადი ბუნდესტაგმა, ბუნდესრატმა ან ფედერალურმა მთავრობამ. არამხოლოდ თვით აკრძალვას, არამედ განაცხადის შეტანაზე გადაწყვეტილების მიღებისაც სჭირდება სტრუქტურირებული ჩარჩო. სწორედ ამ მიზნით, წინამდებარე ბლოგით შემოთავაზებულია პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის წინასწარ შემოწმება – იგივე „ინსტრუმენტალიზაციის ტესტი“. ამ უკანასკნელის ამოცანაა, იმის გარკვევა, რამდენად ემყარება აკრძალვის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება დემოკრატიული წესრიგის დაცვისკენ მიმართულ ობიექტურ საფუძვლებს, თუ არსებობს ამ მექანიზმის ბოროტად გამოყენების ნიშნები.

თუმცა აქედან არ გამომდინარეობს, რომ აკრძალვის პროცედურის დაწყებას მაშინვე უნდა მიენიჭოს უპირატესობა. არასწორია პარტიის აკრძალვის გამოყენება არასასურველი პოლიტიკური კონკურენტის ასპარეზიდან ჩამოსაშორებლად. აქ შემოთავაზებული ინსტრუმენტალიზაციის ტესტი სწორედ ამ ორ საფრთხეს შორის წონასწორობის დაცვას ემსახურება. მისი დანიშნულებაა, სტრუქტურა შესძინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, საერთოდ უნდა დაიწყოს თუ არა პარტიის აკრძალვის პროცედურა.

II. ინსტრუმენტალიზაციის ტესტი

როგორც აღინიშნა, ინსტრუმენტალიზაციის ტესტი ეხება წინმსწრებ გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა პარტიის აკრძალვის პროცედურა. ქვემოთ წარმოდგენილი ხუთი კრიტერიუმი ამ დისკრეციის ჩარჩოს განსაზღვრავს და შერჩეული შედარებითსამართლებრივი მაგალითებითაა ილუსტრირებული. ეს მაგალითები სრულყოფილ შედარებით-სამართლებრივ კვლევას არ წარმოადგენს, არამედ მისი მიზანია პარტიის აკრძალვის სხვადასხვა რისკის წარმოჩენა.

პირველი: რეალური საფრთხე და დაცვის ლეგიტიმური მიზანი

ინსტრუმენტალიზაციის ტესტი უნდა დაიწყოს კითხვით: ემსახურება თუ არა აკრძალვის პროცედურის დაწყება დემოკრატიული წესრიგის დაცვის რეალურ მიზანს? საჭიროა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი ნიშნები იმისა, რომ საფრთხე ექმნება ლიბერალური დემოკრატიულით დაცულ სამართლებრივ სიკეთეებს. მხოლოდ პოლიტიკური მეტოქეობა, საარჩევნო წარმატება ან ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკური არასასურველობა საკმარისი არ არის.

საქმე Herri Batasuna/Batasuna აჩვენებს, რამდენად მკაფიო შეიძლება იყოს დემოკრატიის დაცვის ასეთი მიზანი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი შესაბამისი პარტიების კავშირს ტერორისტულ ორგანიზაცია ETA-სთან და ძალადობასთან დაკავშირებული პოლიტიკური სტრატეგიის მხარდაჭერას; სასამართლომ პარტიების დაშლა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან თავსებადად მიიჩნია.[1] განსხვავებულად დგას საკითხი საქართველოს შემთხვევაში. 2025 წელს წარდგენილი აკრძალვის მოთხოვნა მიმართული იყო რამდენიმე ძირითადი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ და ნაწილობრივ ეფუძნებოდა 2003–2012 წლების მოვლენებს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების ქმედებებს. სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა ამჟამინდელი საფრთხე და რამდენად შეიძლება წარსული ქმედებები მიეწეროს დღეს აკრძალვის მოთხოვნით ჩემოთვლილ პარტიებს.

AfD-ის შემთხვევაში არსებობს სასამართლოს მიერ დადასტურებული ფაქტობრივი ნიშნები, რომლებიც დემოკრატიული წესრიგის დაცვის ნამდვილ მიზანს შეიძლება ამყარებდეს. კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ (Bundesamt für Verfassungsschutz, BfV) AfD „საეჭვო შემთხვევად“ (Verdachtsfall) დააკვალიფიცირა. მართალია, 2026 წელს კიოლნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დროებით აკრძალა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ოფიციალურად მიჩნეულიყო „დადასტურებულად მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ თუმცა, ამავდროულად, სასამართლომ კვლავაც საფუძვლიანად მიიჩნია ეჭვი, რომ პარტიის საქმიანობა მიმართულია თავისუფალი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ.

ამრიგად, AfD შემთხვევა არსებობს საკმარისად მყარი ფაქტობრივი საფუძველი იმის დასაშვებად, რომ მისი აკრძალვა დემოკრატიის დაცვის რეალური მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს.

მეორე: ობიექტურობა და თანასწორი მოპყრობა

აკრძალვის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ობიექტურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია პარტიისთვის მისაკუთვნებელი მიზნები და ქმედებები და მათი მნიშვნელობა დემოკრატიული წესრიგისთვის. ეს შეესაბამება პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობათა თანასწორობისა და სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის პრინციპების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

საქმე Herri Batasuna კვლავ აჩვენებს, რომ გადამწყვეტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური შეხედულება, ამ შემთხვევაში, ბასკეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნა, არამედ კონკრეტული ქმედებები, რომლებიც პარტიას შეიძლება მიეწეროს.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში განვითარებული მოვლენები. პარტიების აკრძალვის მოთხოვნა თავდაპირველად სამ ძირითად ოპოზიციურ პარტიას ან გაერთიანებას შეეხებოდა.2026 წლის აპრილში ფედერალისტური პარტიის დამატებით მოთხოვნა ოთხ პარტიამდე გაფართოვდა;სექტემბერში მას „გახარია საქართველოსთვისაც“ დაემატა და აკრძალვის მოთხოვნამ ხუთი ოპოზიციური პარტია მოიცვა. ამ თანდათანობითი გაფართოების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვა: რომელი კრიტერიუმებით ირჩევენ პარტიებს, და რის საფუძველზე მიაწერენ მათ კონკრეტულ ქმედებებს? AfD-ის მიმართაც არც საარჩევნო წარმატება და არც ოპოზიციური მდგომარეობა შეიძლება იყოს გადამწყვეტი – მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ, პარტიისთვის მიკუთვნებულ მიზნებსა და ქმედებებს.

ობიექტურობა და თანასწორი მოპყრობა არ ნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას მექანიკურად ერთნაირად უნდა მოექცნენ. აუცილებელია შინაარსობრივად დასაბუთებული განმარტება, თუ რატომ განიხილება სწორედ ამ კონკრეტული პარტიის მიმართ, არსებული საშულებებიდან ყველაზე მკაცრი – აკრძალვის გამოყენება.

მესამე: დამოუკიდებელი ინსტიტუციური და სასამართლო კონტროლი

პარტიის აკრძალვის პროცედურა პოლიტიკური გადაწყვეტილებით იწყება, მაგრამ მისი ფაქტობრივი საფუძველი და საბოლოო შედეგი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ პროცედურის ინიციატორ პოლიტიკურ აქტორებზე. პარტიის აკრძალვის სიმძიმის გათვალისწინებით, აუცილებელია ინსტიტუციური გამიჯვნა, ფაქტების სანდო დადგენა და დამოუკიდებელი სასამართლო კონტროლი. ეს ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული სიცხადით გამოკვეთა NPD-ის პირველ საქმეში: პარტიის ხელმძღვანელობაში სახელმწიფო ინფორმატორების (V-Leute) გამოყენებამ ისეთი ფუნდამენტური კითხვები წარმოშვა პარტიის სახელმწიფო გავლენისგან თავისუფლებისა, ფაქტობრივი საფუძვლის, მტკიცებულებების სანდოობის შესახებ და ამიტომ წარმოება შეწყდა.

ქართული შემთხვევაც სტრუქტურულ საფრთხეს წარმოაჩენს. შემდგომი აკრძალვის მოთხოვნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები შეაგროვა და შეაფასა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომელზეც მმართველი უმრავლესობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. ამ უკანასკნელის ანგარიში შემდგომ აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად იქცა. როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ამავე დროს საკუთარი პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ მოქმედებს, არსებობს რისკი, რომ პოლიტიკური შეფასება და ფაქტების დადგენა ერთმანეთში აირევა.

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება (BfV) საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიისგან განსხავებით დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ინსტიტუციაა, თუმცა მისი დასკვნები, საბოლოოდ მაინც სასამართლო კონტროლს ექვემდებარება. ამიტომ გადამწყვეტია, რომ ფაქტების დადგენა, განაცხადის შეტანის პოლიტიკური გადაწყვეტილება და აკრძალვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ინსტიტუციურად გამიჯნული და დამოუკიდებელი სასამართლო კონტროლისადმი იყოს დაქვემდებარებული.

მეოთხე: აკრძალვის პროცედურის დაწყების თანაზომიერება

გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას პროპორციულობის პრინციპის დამატებითი, დამოუკიდებელი შემოწმება არ არის საჭირო. აღნიშნული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის სამართლებრივ წინაპირობებს და მათი არსებობის შემთხვევაში სასამართლოს არ უტოვებს გადაწყვეტილების მიღების დამატებით დისკრეციას. შესაბამისი შეფასებები უკვე ინტეგრირებულია მატერიალურ წინაპირობებში.

თუმცა აქ შემოთავაზებული წინმსწრები გადაწყვეტილების მიღება, აკრძალვის პროცედურის დაწყების შესაფასებლად, პროპორციულობის კლასიკურმა ანალიზმა შეიძლება სასარგებლო სტრუქტურა მოგვცეს.

გამოსადეგობა. უპირველესად უნდა გაირკვეს, შეუძლია თუ არა აკრძალვის პროცედურას დემოკრატიული წესრიგის დაცვის დასახული მიზნის მიღწევის ხელშეწყობა. გასათვალისწინებელია შესაძლო უკუშედეგებიც. 2008 წელს თურქეთში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) წინააღმდეგ წარმოება აკრძალვით არ დასრულებულა, შემცირდა მისი სახელმწიფო დაფინანსება. ამავე დროს, ვენეციისკომისიამ გააფრთხილა,  რომ მხოლოდ აკრძალვის პროცედურის დაწყებასაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა პოლიტიკურ კლიმატზე. ბელგიის მაგალითიც აჩვენებს სამართლებრივი გამორიცხვის ზომების შეზღუდვებს: Vlaams Blok-თან დაკავშირებული ორგანიზაციების მსჯავრდების შემდეგ პოლიტიკური მოძრაობა Vlaams Belang-ის სახელით გაგრძელდა. შესაბამისად, აკრძალვის პროცედურა აუცილებლობით არ აქრობს პოლიტიკურ მოძრაობას; გამოსადეგობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მეტი მობილიზაციის, სხვაგვარად საქმიანობის გაგრძელებისა და სხვა შესაძლო პოლიტიკური უკუშედეგები.

აუცილებლობა. შემდეგ უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ნაკლებად შემზღუდველი, მაგრამ შედარებით თანაბრად ეფექტიანი საშუალებები. ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებს საფეხურებრივ ინსტრუმენტს პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებიდან გამორიცხვას. ასევე გასათვალისწინებელია კონკრეტული პარტიული თანამდებობის პირებისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ მიმართული ინდივიდუალური ზომები. განსაკუთრებულ შემთხვევებში ძირითადი კანონის მე-18 მუხლი გარკვეული ძირითადი უფლებების ჩამორთმევასაც ითვალისწინებს. ამიტომ ობიექტურად უნდა დადგინდეს, შეიძლება თუ არა კონსტიტუციისადმი მტრული განცხადებები სისტემურად მიეწეროს თავად პარტიას: რომელმა თანამდებობის პირებმა გააკეთეს ისინი, რა პოზიცია უკავიათ პარტიაში, რამდენად ხშირად ვლინდება მსგავსი შეხედულებები და როგორ რეაგირებს მათზე პარტია? რიგითი წევრების ცალკეული გამონათქვამები საკმარისი არ არის, თუ ისინი მთელი პარტიისთვის მიკუთვნებულ პოზიციას არ გამოხატავს.

თანაზომიერება (ვიწრო გაგებით). და ბოლოს, გამოვლენილი საფრთხის სიმძიმე უნდა დაუპირისპირდეს ამ ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტის ამოქმედებით წარმოშობილ დემოკრატიულ დანაკარგებს. რაც უფრო ინტენსიური და კონკრეტულია თავისუფალი დემოკრატიული ძირითადი წესრიგის მიმართ საფრთხე, მით უფრო გამართლებული შეიძლება იყოს აკრძალვის პროცედურის დაწყება.

ამის საპირისპიროდ, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის, როგორც უკიდურესი ზომის (ultima ratio), ხასიათი მოითხოვს, რომ ცალკეული შემთხვევებით შემოფარგლული ან კონკრეტული პირებისთვის მისაკუთვნებელი პრობლემური ქმედებები ავტომატურად არ გახდეს მთელი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური კონკურენციიდან გამორიცხვის საფუძველი.

მეხუთე: პარტიული, კერძო ინტერესების შემოწმება

ბოლოს უნდა შეფასდეს, ხომ არ უკავშირდება აკრძალვის პროცედურის დაწყება მისი ინიციატორების პარტიულ-პოლიტიკურ საკუთარ ინტერესებს. ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ზიანის მიყენების სუბიექტურ განზრახვაზე, რომლის დამტკიცებაც რთულია, არამედ ინტერესთა ობიექტურ კონფლიქტებზე: ვინ იწყებს წარმოებას, ვის წინააღმდეგ არის ის მიმართული და რა პოლიტიკური სარგებელი შეიძლება მიიღონ განმცხადებლებმა შესაბამისი პარტიის გამორიცხვით?

საქართველოში განვითარებული მოვლენები ამ კითხვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მმართველი უმრავლესობის დეპუტატების მიერ დაწყებული აკრძალვის ინიციატივა ეტაპობრივად გაფართოვდა და ამჟამად ხუთ ძირითად ოპოზიციურ პარტიას ეხება (რომლებმაც 2024 წლის არჩევნებზე ხმათა 38% მოიპოვეს). ამით იქმნება ვითარება, როდესაც აკრძალვის მომთხოვნი პოლიტიკური ძალა ისარგებლებს ძირითადი კონკურენტების პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილებით. აღნიშნული ნათლად ავლენს პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას.

III. Dum tempus est — თავდაცვითი დემოკრატია სწორ დროს

თავდაცვითმა დემოკრატიამ ორი ურთიერთსაპირისპირო საფრთხე უნდა აირიდოს. საქართველოს მაგალითი აჩვენებს, როგორ შეიძლება იქცეს პარტიის აკრძალვა პოლიტიკური ძალაუფლების გამყარების ინსტრუმენტად, როდესაც მმართველი უმრავლესობა, ფაქტების დადგენის პროცესი და პოლიტიკური კონკურენტების გამორიცხვის ინტერესი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ვაიმარის რესპუბლიკის გამოცდილება კი საპირისპირო რისკს გვახსენებს: დემოკრატიულმა თვითდაცვამ შეიძლება დაკარგოს აზრი, თუ ანტიდემოკრატიული ძალა უკვე იმდენად გაძლიერდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღება თითქმის შეუძლებელი გახდა.

ინსტრუმენტალიზაციის ტესტი ამ ორ საფრთხეს შორის ბალანსის პოვნას ემსახურება. როდესაც პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის რისკი სათანადოდ გამორიცხულია, არსებობს დემოკრატიული წესრიგის დაცვის ნამდვილი მიზანი, ხოლო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები შედარებით თანაბრად ეფექტიანი არ არის, ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეიძლება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული კონტროლის გამოხატულება იყოს. ტესტი წინასწარ არ წყვეტს აკრძალვაზე დავის შედეგს, ამას მხოლოდ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს.

ამიტომ AfD-ის გარშემო მიმდინარე დებატში გადამწყვეტია არა მხოლოდ კითხვა, უნდა იქნეს  თუ არა გამოყენებული პარტიის აკრძალვა როგორც უკიდურესი საშუალება, არამედ ისიც, როდის შეიძლება იყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმი ჯერ კიდევ ეფექტიანი გამოყენება. ინსტრუმენტალიზაციის ტესტი ბოროტად გამოყენებისგან დაცვას ისახავს მიზნად ისე, რომ სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი თავშეკავება პოლიტიკურ უმოქმედობად არ იქცეს. თავდაცვით დემოკრატიას სჭირდება არა მხოლოდ სწორი ინსტრუმენტები, არამედ სწორი დროც. თუ შესაძლებლობის ეს ფანჯარა დაიხურა, მისმა ყველაზე მკაცრმა იარაღმაც კი შეიძლება დაიგვიანოს. Dum tempus est – სანამ ჯერ კიდევ არის დრო.

* ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე ICON•S-ის ბლოგზე iconnectblog


* სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტი პროფესორი პოტსდამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის (MRZ) მოწვეული მკვლევარი